Posts Tagged ‘საქართველოს ომი’

                             გიორგი სააკაძე  (დიდი მოურავი) – 1570-1629

1662508_446158052178372_1073838215_n

   ნაკლებად მოიძებნება საქართველოში ფიგურა, რომლის ცხოვრების გზა და ისტორიის მიერ ამ გზის შეფასება ისეთი წინააღმდეგობრივი დასკვნა-ვარაუდებისგან შედგებოდეს, როგორც გიორგი სააკაძისა. აგერ, ლამის ოთხი საუკუნე მიილია მას შემდეგ, რაც ერის მიერ დიდ მოურავად აღიარებული სააკაძე აღესრულა, მაგრამ მისი სახელი მაინც ყველას პირზე აკერია. ერთნი საქართველოსთვის თავდადებულ გმირს უწოდებენ, მეორენი – სამშობლოს მოღალატეს. ზოგი უსამართლობით დაჩაგრულად მოიხსენიებს, ზოგიც – პატივმოყვარე კარიერისტად…..

ისტორია მხოლოდ ფაქტებს ალაგებს და დასკვნებისაგან თავს იკავებს?! მატიანემ ყველას თავისი მიაგო, სააკაძეზე კი დუმს. დიდი მოურავის ღვაწლი და შეცდომები ალბათ კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მაგრამ იმ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რომ 1625 წელს, შაჰ-აბასის ვერაგული გეგმა ქართლ-კახეთის ამოწყვეტისა და ამ მადლიან მიწაზე მომთაბარეების ჩასახლების შესახებ ჩაშალა ერთადერთმა კაცმა – გიორგი სააკაძემ. მარტყოფის, მარაბდის და ქსანზე გამართული უმძიმესი ხმალთაკვეთების შემდეგ, რომელთა უმთავრესი გმირი იყო სააკაძე, სამუდამოდ დასამარდა ირანის ოცნება საქართველოს გადაშენებისა. მეტიც, მოურავის შემართებამ და სამხედრო გენიამ შაჰ-აბასს საქართველოში გაუნადგურა აზიის იმდროინდელი უმძლავრესი არმიის – ჯარის ნახევარი, 60 000 ყიზილბაში. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ეს იყო შაჰ-აბასის ძლიერების პიკი, რომლის სიმტკიცე სააკაძემ შეარყია, რის შემდეგ ირანის ჰეგემონია დასრულდა კიდეც….

1535039_446158058845038_986420519_n

გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი, საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი “დიდი მოურავი” – გიორგი სააკაძე დაიბადა 1570 წელს სიაუშ სააკაძისა და თამარ ბარათაშვილის ოჯახში. გიორგის წინაპრები აზნაურები იყვნენ. მათი გაძლიერება XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა გიორგის მამა სიაუში მეფის სალაროს მოლარე, ხოლო ბიძა – მეფის სახლთუხუცესი გახდა. თავიდან სააკაძეები სოფელ ფელში ცხოვრობდნენ, იგი მდინარე ატენის ზემო წელზე მდებარეობდა. გიორგის დაბადების შემდეგ კი სიაუშ სააკაძის ოჯახი სოფელ ნოსტეში დასახლდა, იქ ჰქონდათ სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია. ამას გარდა სააკაძეები ფლობდნენ 40-მდე სოფელს, ყმა-გლეხებსა და აზნაურებსაც. ერთაწმინდაში მდებარეობდა სააკაძეების საგვარეულო მონასტერი, რომელიც მათი საძვალეც იყო.

გიორგი სააკაძემ იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო. იცოდა სპარსული და თურქული ენები, გამოირჩეოდა სამხედრო საქმის ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. გიორგი ჯერ კიდევ სვიმონ I-ის ხელძღვანელობით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ, შემდეგ მონაწილეობას იღებდა გიორგი X-ის მიერ წარმოებულ ლაშქრობებში (1600-1606 წლებში). ლუარსაბ II-ის გამეფებისთანავე მხარში ამოუდგა მას და 1608 წლიდან უკვე თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავია.

1606 წელს საზავო მოლაპარაკებები გაიმართა ირანსა და თურქეთს შორის. სწორედ ამ პერიოდში დაწინაურდა აზნაური გიორგი სააკაძე ქართლის სამეფო კარზე. მტრული თვალით სჭამდნენ თავადები: შადიმან ბარათაშვილი, ფარსადან ციციშვილი და ქაიხოსრო ჯავახიშვილი სააკაძეს და ტახტისმაძიებელ უჯიშო მედროვედ თვლიდნენ.

1609 წელს ოსმალთა და ყირიმელ თათართა ურდო შემოიჭრა მოულოდნელად საქართველოში. ახალციხე დაერბიათ და ქართლის სიღრმისკენ მოემართებოდნენ ძარცვა-რბევით. განზრახული ჰქონდათ მოულოდნელად დასცემოდნენ ცხირეთის ციხესიმაგრეს, სადაც მაშინ მცირე ამალით იდგა ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე.

სოფელ  კველთაში თურქებმა შეიპყრეს ადგილობრივი მღვდელი თევდორე, რომელსაც უბრძანეს მეგზურობა და გაძღოლა ცხირეთისაკენ. მღვდელი ჭეშმარიტი გმირი გამოდგა. მან ცხირეთს გვერდი აუქცია და მტერი სულ სხვა გზით წაიყვანა. როცა ეს შეუტყვეს თურქებმა, ხმლებით ასჩეხეს იგი. თევდორეს მამულიშვილური თავგანწირვა შეიქმნა ცხოველმყოფელური წინამძღვარი გიორგი სააკაძის გმირობისა. სანამ თევდორე მტერს მტყუანი გზით მიატარებდა და სანამ მისი კეთილშობილი თავი გვემულ სხეულს გაშორდებოდა, (მტრის სათვალთვალოდ გაგზავნილი ზაქარია და იარალი ბარათაშვილების წყალობით) მეფის ერთგულმა მოურავმა და მაშინდელი საქართველოს უმამაცესმა რაინდმა გიორგი სააკაძემ მტრის შემოსევის ამბავი შეიტყო და ქართველების საომრად გამზადებაც მოასწრო.

პირველი შეტაკება თეძმის ხეობაში, სხერტის ჭალაში მოხდა. აქ დიდი გმირობით თავი გამოიჩინეს გიორგი სააკაძემ და ზაზა ციციშვილმა. ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ეს ბრძოლა მცირე მოცულობისა იყო. გადამწყვეტი შერკინება მოხდა 1609 წლის 27 ივნისს, ტაშისკარში, ნახვეტას მინდორზე, ქვიშხეთთან ახლოს. 60 000 თათარი 10 000 ქართველს ეომებოდა. ბრძოლა ქართველთა დიდი გამარჯვებით გათავდა. ოსმალთა მარბიელი ლაშქრის განადგურების ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი იყო გიორგი სააკაძე. დიდ მოურავთან და ზაზა ციციშვილთან ერთად დიდი სიმამაცით იბრძოდნენ: თამაზ მაჩაბელი, ლომი ჩრდილელი, პაპუნა ვაშაყაშვილი, როსიტა გედევანიძე, პაპუნა ჩივაძე, თამაზ ქარციძე, მათარსი შიხაიდრიძე, ასევე ქვლივიძე, ინაშვილი და სხვები. ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა და მამაცობით თავი გამოიჩინა ასევე ახალგაზრდა ლუარსაბ მეფემ. თურქთა განადგურება შაჰ-აბასის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ გამარჯვების საფასედ, ლუარსაბ მეფემ დაითანხმა შაჰ-აბასი სპარსული ციხიონი თბილისიდან გაეყვანა (ტყვედ ჩავარდნილი მთავარი სერასქერი ფერად ფაშა ლუარსაბ II-მ ცოცხალი გაუგზავნა შაჰ-აბასს).

სააკაძეს კარგად ესმოდა, რომ ეს გამარჯვება ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის უშიშროებას. მისი აზრით, საჭირო იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და გაძლიერება და თავადების ალაგმვა და მათთვის უფლებების შეზღუდვა, ასევე შინაფეოდალური ომების აღკვეთა, გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისა და თავდაცვის საშუალება ჰქონოდა. სააკაძე მფარველობდა და აწინაურებდა წვრილ აზნაურებს, ხელს უწყობდა გაბნეული გლეხობის თავის სამკვიდროზე მობრუნებას. ქართლის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებაზე ზრუნვა, ფაქტიურად, საქართველოს ერთიანობის წინაპირობა იყო. სააკაძის მომხრე იყო აზნაურობა, რომელიც თავადთა ყმა-ვასალებად ითვლებოდნენ და ამ დამოკიდებულებიდან განთავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ძირითადი დასაყრდენი ძალა მოურავისა იყო დაბალი ფენები, მათ შორის, ქალაქის ხელოსნურ-ვაჭრული მოსახლეობა. ყოველივე ეს კი დიდებულთა მრისხანებას იწვევდა. მათ საქართველოს ერთიანობა მეფე-მთავართა კავშირად ჰქონდათ წარმოდგენილი, რაც დიდ თავადთა უფლებების კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობდა. ისინი ჯერ ამრეზით უყურებდნენ აზნაურ სააკაძის მცდელობებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლუარსაბ II-მ 1611 წელს სააკაძის და შეირთო ცოლად (სახელი ცნობილი არ არის) და რეალურად შესაძლებელი გახდა მისი ჩანაფიქრის ხორცშესხმა, დიდებულებმა მისი თავიდან მოშორება განიზრახეს. ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს: “მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყუარე (ე.ი. მომხრე) იწყინეს…. და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა”.

სააკაძეს საქართველოს გაერთიანება ჰქონდა გულს ამოჭრილი და ეს უზარმაზარი მამულიშვილური ოცნება “აზნაურული გზით” უნდა შეესრულებინა “წვრილი ერის” სათაყვანო გმირს. ლუარსაბ მეფის ქორწინება სააკაძის დასის დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ არ ეძინა შადიმან ბარათაშვილისა და ფარსადან ციციშვილის თავადურ წრეს. მათ ნახევარი წელიწადი უჩიჩინეს მეფეს – განუტევე უჯიშო დედოფალი და მოკალი მოღალატე მოურავიო. ლუარსაბი ერთხანს მაგრობდა, მაგრამ ბოლოს მაინც ფეოდალურმა ღიჯინმა თავისი გაიტანა (მცირეწლოვანმა ლუარსაბ მეფემ თავის გამზრდელს და სუდრაჯს – შადიმან ბარათაშვილს დაუჯერა) და იგი ორივეზე დათანხმდა – ჯერ ცოლი განუტევა (ამით ხატის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია, რომელიც თვითონ სააკაძემ დაადებინა დაქორწინებამდე, ვინაიდან წინასწარ იცოდა რასაც ჩააგონებდნენ ქვეყნის მოღალატე თავადები ახალგაზრდა მეფეს და რისიც ყველაზე ძალიან ეშინოდა გიორგის, სწორედ ამიტომ იყო რომ ამ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა მოურავი) და მერე ცოლისძმის მოკვლაზეც დასტური მისცა.

დათქვეს 1612 წლის მაისში, წავკისს, მეფის საზაფხულო სასახლეში უნდა მოეკლათ გიორგი სააკაძე. მეფემ ვითომ სანადიროდ მიიწვია მოურავი. შეთქმულებიც მივიდნენ, მაგრამ შეთქმულთაგან ერთმა, ბააკა ხერხეულიძემ, წინასწარ იდუმალ გაანდო გიორგის რასაც უპირებდნენ იმ ღამით. სააკაძემ ბეწვზე გაასწრო სიკვდილს. ახალუხის ამარა, ფეხშიშველა, აბჯარასხმულ მომხდურებს ვეფხვის ნახტომით დაუსხლტა, უბელო ცხენს ზურგზე მოაფრინდა და მთელი ღამის ჭენების შემდეგ ნოსტეში, თავის ციხე-დარბაზში მიასწრო მდევრებს. ცოლ-შვილის და სახლეულის გამოყვანაც შეძლო და მერე მახლობელი მთის წვეროდან ცრემლით გულჩამკვდარმა უმზირა თავისი კარ-მიდამოს განადგურება-მოთხრას. რატომ? რისთვის? ეს კითხვებიღა აწუხებდა დიდ მოურავს. მას ხომ სიკეთისა და გმირობის მეტი არაფერი მიუძღვნია სათაყვანებელი სამშობლოსთვის. მაგრამ სიკეთეს ხომ საქართველოში ყველაზე დიდი ბრძოლა სჭირდება და ხშირად ყველაზე დიდი ცრემლიც ახლავს თან. გამოიტირა სააკაძემ დაქცეული სახლკარი და ირანს წასვლა გადაწყვიტა. კაცმა რომ თქვას, მას ხომ ყველა გზა შეუკრეს და მოუსპეს საქართველოში.

დიდებული ვაჟასი არ იყოს “თუ ვერ ვიგულებთ, ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება?…” და წავიდა გიორგი სააკაძე ირანს, თავის სიმამრთან – ნუგზარ არაგვის ერისთავთან ერთად.

გავლენიანი ქართველების მიმხრობა საუკეთესო საშუალება იყო შაჰისთვის თეიმურაზისა და ლუარსაბის სიმტკიცის გასატეხად და მათ დასამორჩილებლად. სააკაძეს კი შაჰის ძალის გამოყენება თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად სურდა. შაჰი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და ჭკვინურადაც შეაფასა ეს უცნაური ამბავი: “საქართველომ თავისი ყველაზე ბასრი იარაღი დიდ მოსისხლე მტერს თავისი ხელით გაუგზავნაო!…” ასეთი გმირი “მუქთად” ჩაიგდო ხელში და შაჰ-აბასსაც მეტი რა უნდოდა – თან იახლა ლაშქრობებში და მისი სამხედრო ნიჭის წყალობით ახლო თუ შორეული ქვეყნები აუღებელი არ დარჩენია. თუმცა მთავარი მაინც ამიერკავკასია იყო, მისი დედოძარღვი კი საქართველო. გიორგი სააკაძეს საქართველოსადმი საკუთარი “ირანული” ვარაუდები ჰქონდა. ეგონა, რომ შაჰ-აბასისათვის ბრძოლებში გამოჩენილი ამდენი თავდადების შემდეგ ირანის ხელმწიფე ჯარს მისცემდა, რომლითაც ქართლის თავადებს გაუსწორდებოდა და ქვეყნის ძლიერებას აღადგენდა. თუმცა მოგვიანებით დარწმუნდა, რომ შაჰ-აბასი სწორედ იმ მოღალატე თავადებს სწყალობდა სააკაძეზე მეტად.

1612 წლის სექტემბერში სტამბოლში ისევ მიუჯდნენ საზავო მაგიდას სპარსეთისა და თურქეთის დიპლომატები. აღდგენილ იქნა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები: ქართლი, კახეთი, შირვანი და სომხეთი – ირანის საკუთრებად გამოცხადდა. დასავლეთ საქართველო და მესხეთი, ახლციხის ჩათვლით – თურქეთის ქონებად დარჩა. მალე შაჰ-აბასმა შეიტყო, რომ ქართლი და კახეთი მის მორჩილებას არ ურიგდებიან და ერთიანი ძალებით აჯანყების დროშაც აღუმართავთ.

1613 წლის 16 ოქტომბერს, ზამთრის დამდეგს, შაჰ-აბასი უზარმაზარი მხედრობით წამოემართა საქართველოსკენ. თეიმურაზ კახთა მეფემ ქვეყნის აოხრებას უახლოესი ადამიანების გაცემა ამჯობინა და შაჰს დედა – ქეთევან დედოფალი და მცირეწლოვანი ვაჟიშვილები: ლევანი და ალექსანდრე გაუგზავნა. მაშინ შაჰმა პირადად თეიმურაზის გამოცხადება მოითხოვა.

თეიმურაზი არ გამოცხადდა და სახელდახელოდ შეყრილი რაზმით ქართლისაკენ წამოვიდა ლუარსაბ მეფესთან შესაერთებლად. შაჰმა თავისი ლაშქარი ორად გაყო და კახეთში ერთდროულად აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შეიჭრა (1614 წ. თებერვალი). მან ჟალეთთან ჯარი შეახვედრა თეიმურაზს. ხუთასკაციანი ქართველთა ჯარი ეკვეთა სპარსულ ათასეულებს. თეიმურაზი თავგანწირვით იბრძოდა. მალე მისი ჯარი სპარსთა ალყაში აღმოჩნდა. მეფემ ტყვეობას სიკვდილი ამჯობინა და სრული თავგანწირვით შეუტია. მან სამშვიდობოზე გასვლა მოახერხა და მუხრანში მივიდა. შაჰ-აბასი ლამის გაგიჟდა თეიმურაზი რომ გაექცა და ვერ მოიხელთა.

თეიმურაზმა და ლუარსაბმა გადაწყვიტეს იმერეთში გადასვლა, იქაურ მეფესთან, გიორგი მესამესთან თავშესაფარებლად. შაჰ აბასის ჯარებმა კახეთი დაიკავეს. შაჰი კახეთის დედაქალაქ გრემში მივიდა, იმერეთის მეფეს სარუ ხოჯა მოჰამედ რეზა გაუგზავნა და მისი პირით გიორგი III-ს სტუმრების გაცემა მოსთხოვა, რაზეც ცივი უარი მიიღო. გიორგი III-მ შაჰ აბასის ელჩი გეგუთში მიიღო. მიღებას თეიმურაზთან და ლუარსაბთან ერთად ლევან II დადიანი და მამია II გურიელიც ესწრებოდნენ. მეფე გიორგიმ უარი კათალიკოს მალაქიას და თავად ლევან აბაშიძის პირით შეუთვალა შაჰს. 1614 წელი უმძიმესი ტრაგედიის წელი შეიქნა საქართველოს ისტორიაში. ირანელებმა მთელი კახეთი აიკლეს, გაძარცვეს, დაანგრიეს, გადაწვეს და ამოწყვიტეს. იმ წელიწადს ირანში 80 000 კახელი გადაასახლეს.

შაჰ აბასმა ჯარი გორში გადაიყვანა, სურამისა და გორის ციხეები გაამაგრა, შიგ სპარსული ციხიონები ჩააყენა და გამოაცხადა: თუ ლუარსაბი დაბრუნდება, მის ქვეყანას მასვე მივართმევ, თუ არა და, მაშინ აქა მყავს მოურავი, აქაური ქართველი და ქართლს სწორედ ამ მოურავს ვუბოძებ, მე კი ჩემს ქვეყანას დავუბრუნდებიო. თან ჩუმად სარუ ხოჯას ხელით წერილი გაუგზავნა იმერეთის მეფეს და შეუთვალა: თუ ლუარსაბი გაჯიქდა და არ წამოვიდა, შენი შვილი ალექსანდრე გამოაგზავნე და მას გადავცემ ქართლსო”.

გიორგი სააკაძე შაჰ აბასის დაპირებებს მოთმინებით ისმენდა, მაგრამ გული ბოღმით უსივდებოდა. იცოდა ვერაგი შაჰი ჩვეულებრივ ცრუობდა და ახალ-ახალ ხვლანჯებს ხლართავდა საქართველოს დასამხობად. ასეც იყო ჩაფიქრებული, ეს წერილი ჯერ ლუარსაბისთვის უნდა წაეკითხებინა სარუ ხოჯას, მეტი დამაჯერებლობისთვის თავის დის წერილიც გაუგზავნეს (რომელიც შაჰ აბასისი ცოლი იყო) და ასევე მისივე გამზრდელი შადიმან ბარათაშვილი გაგზავნეს, რომელსაც წამოსვლაზე უნდა დაეთანხმებინა მეფე ლუარსაბი.

გიორგი სააკაძე თავის მამულში მივიდა – ნოსტეში. მივიდა და დაანთო ცეცხლი კერაზე. მეზობლად ქაიხოსრო ჯავახიშვილი ცხოვრობდა, სააკაძეების ოჯახის ერთ-ერთი დამაქცევარი. როგორც კი გიორგის მობრუნება შეიტყო, მაშინვე ცოლ-შვილიანად აიყარა ქაიხოსრო და იმერეთისკენ გაქუსლა, სააკაძის შურისძიებით ზარდაცემულმა. გიორგიმ მაშინვე მსახური დაადევნა და დაარწმუნა – არას გერჩი, უკან მობრუნდი, ძველი წყენა დავივიწყოთ და ამიერიდან კეთილი მეზობლობითა და მეგობრობით ვიცხოვროთო! და მობრუნდა ქაიხოსრო ჯავახიშვილი სააკაძის დიდსულოვნებით გაკვირვებული. სააკაძისთვის ახლა მთავარი იყო ქართველი ხალხის გადარჩენა და არა მისი პირადი მტრებისადმი სამაგიეროს მიზღვის ფიქრი. მთავარი იყო, ქართველები ერთმანეთს არ დარეოდნენ და ამით შაჰ-აბასის გული არ გაეხარებინათ.

შაჰ აბასი კი მძიმე საფიქრალს მისცემოდა. არ დაშინდა და არც ერთმა ქართველმა მეფემ მის წინ ქედი არ მოიხარა – არც იმერელმა “ცბიერმა ბაში-აჩუკმა”, არც კახელმა “მოსისხლე თეიმურაზმა” და არც ქართლელმა “თვინიერმა ბიჭმა ლუარსაბმა”. ასეთ მწვავე ჟამს ისევ გამოუჩნდა ბედნიერ შაჰს მოულოდნელი მხსნელი. ეს იყო შადიმან ბარათაშვილი, ლუარსაბ მეფის გამზრდელი, რომელმაც მოახერხა და დაარწმუნდა ლუარსაბი ჩამოსულიყო და ირანის მბრძანებელს ჩააბარა. შაჰ აბასმა ლუარსაბ ქართლის მეფე ირანში წაიყვანა და ასტრაბადის ციხეში ჰყავდა დატყვევებული, შემდეგ კი შირაზში გადაიყვანა და იქ გულაბყალას ციხეში გამოჰკეტა.

დასავლეთ საქართველოში მყოფ თეიმურაზ პირველს კახეთთან კავშირი არ გაუწყვეტია. შაჰმა კახეთის მმართველად თეიმურაზის ბიძაშვილი იესე გიორგის ძე დანიშნა, რომელიც სპარსეთში იზრდებოდა და გამაჰმადიანებული იყო. იესეს, იგივე ისა-ხანს კახელ პატრიოტთა ხელით სიკვდილისა შეშინებია და კახეთიდან სპარსეთში გაქცეულა. მის თანაშემწეებად შაჰს ადგილობრივი თავადები, დავით ჯანდიერი და ნოდარ ჯორჯაძე დაეტოვებინა და ახლა, ისა-ხანის გაქცევის შემდეგ სწორედ ამ ორ თავადს შემორჩენოდა ხელში კახეთის მესვეურობა.

1615 წლის 15 სექტემბერს ალავერდში დიდი აჯანყება დაიწყო, რომელსაც დავით ჯანდიერი მეთაურობდა. დავით ჯანდიერმა და ნოდარ ჯორჯაძემ თეიმურაზთან კაცი აფრინეს და შეუთვალეს აჯანყება დაწყებულია, სასწრაფოდ მობრძანდი, გვიმეფე და გვიმეთაურეო. თეიმურაზიც გადმოვიდა იმერეთიდან და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა. ამ დროს ქართლიც აჯანყდა და თეიმურაზი ქართლის მეფედაც მოიწვიეს. სააკაძის მტრებმა დრო იხელთეს და მოურავის მომხრეებს დაერივნენ. თვითონ გიორგი ამ დროს თავის მამულში მოსულიყო ირანიდან და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

კახეთის აჯანყებით გახელებულმა შაჰ აბასმა 15 000 მეომარი აარჩია, სარდლად ალი-ყული-ხან შამლუ უჩინა და საქართველოსკენ აფრინა. სპარსელებმა წიწამურთან დაიბანაკეს, თეიმურაზიც წამოსულიყო 5000 კახის თანხლებით (ზოგი წყაროთი 6000 კაცით). ბრძოლა შუადღეზე დაიწყო. თეიმურაზი პირველი ეკვეთა მტრის შუაკერძს, სადაც იდგა თვითონ სპარსთა მთავარსარდალი. მარჯვნივ და მარცხნივ დავით ჯანდიერი და ნოდარ ჯორჯაძე მოჰყვებოდნენ თეიმურაზს მძლავრი შეტევით. დამარცხებული ალი-ყული ხანი თბილისიდან მიჰქროდა დაფანტული, გალახული და გაწყვეტილი ჯარის ნაშთებით. წიწამურისა და არაგვის სანახები სპარსთა გვამებით დატვირთულიყო.

1616 წლის გაზაფხული იდგა. შაჰ აბასი ჯერ თბილისს მოვიდა და ქართლის ახალი გამგებელი მოიყვანა – ბაგრატ-ხანი. რაკი ქართლის საქმე იოლად მოაგვარა, ჯარები კახეთის მოსაოხრებლად მომართა. თეიმურაზმა ისევ მოასწრო და იმერეთში გაასწრო გამძვინვარებულ შაჰს. ხელმძღვანელობას მოკლებული ქვეყანა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. “ქართველებისთვის მეორედ მოსვლის დღე დადგაო”, – წერდა შაჰ აბასის ისტორიკოსი ისქანდერ მუნში. რბევისა და წარტყვევნის ჯოჯოხეთში ჩაეშვა კახთა ქვეყანა. დიდი ბრძოლები გაიმართა ქიზიყში, რომლის საბოლოოდ გატეხვა შაჰ-აბასმა ვერაფრით მოახერხა, თუმცა დიდი ზარალი მიაყენა იქაურ მოსახლეობას. უომრად და უსიკვდილოდ არაფერს თმობდა გმირი კახელი. იავარყოფას ვერ გადაურჩა ვერც ერთი ქალაქი და სოფელი, ვერც ციხე და სასახლე, ვერც ერთი ტაძარი და სალოცავი. ბრძოლამ ერთ წელიწადს გასტანა. 100 000 კახელი შეაწყდა მტერს იმ უბოროტეს წელიწადს. 150 000 ადამიანი ტყვედ გაირეკეს ყიზილბაშებმა კახეთიდან. ქართველი ქალის მოთქმა-გოდება ჰზარავდა სიცხით გათანგული ირანის ცისგვამს. სამშობლოწართმეული ქართველი ბავშვის მდუღარე ცრემლი ადუღებდა ირანის ცხელ მიწას.

თეიმურაზი ჯერ არ დაბრუნებულიყო იმერეთიდან. დავით ჯანდიერი და თამაზ ვაჩნაძე ჩასდგომოდნენ სათავეში კახეთის აღორძინებას. ისევ დაენთო ცეცხლი აჯანყებისა კახეთში. 1617 წლის ადრიან გაზაფხულზე ისევ შემოესია კახეთს გამძვინვარებული შაჰ აბასი. ამ დროისთვის გაფანტული კახელები კვლავ მოგროვილიყვნენ. მათი ნაწილი ხორნაბუჯის ციხეში გამაგრებულიყო. შაჰმა ალყა შემოარტყა ციხეს. დიდი ბრძოლები გაიმართა, მაგრამ ციხე მაინც ვერ აიღეს, ქიზიყი დაარბიეს და მოსახლეობა დაატყვევეს. დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩასახლება დაიწყეს. დაიწყო ისევ აღგვა პირისაგან მიწისა სოფლებისა და ქალაქებისა. შაჰ აბასმა კახეთი ორად გაჰყო: აღმოსავლეთი ნაწილი განჯის ბეგლარბეგს ყიზილბაშ ფეიქარს მისცა სამართავად, დასავლეთ ნაწილი კი – ქართლის გამგებელს ბაგრატ-ხანს.

1614-1617 წლებში ოთხჯერ ილაშქრა შაჰ-აბასმა ალაზნის ქვეყანაში და მიწასთან გაასწორა ულამაზესი მხარე. სულ ნახევარი მილიონი ქართველი შეეწირა დახოცილისა თუ ტყვედ წაყვანილის სახით ყიზილბაშთა მაოხარ ლაშქრობას. არც ერთ ამ სასტიკ ბრძოლაში გიორგი სააკაძე არ გამოჩენილა და ხმალი არ მოუქნევია ქართველების წინააღმდეგ!!! დედაწულიანად აყრილი ოჯახებით დაასახლა შაჰ აბასმა ირანის პროვინციები: ფერეიდანი, ხორასანი, მაზანდარანი, ფეროჰაბადი. კახეთმა ამ შემოსევისას მთელი თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა.

ირან-ოსმალეთის ომი გრძელდებოდა. ჯერ კიდევ 1615 წელს თეიმურაზის თაოსნობით საქართველოს ექვსივე მეფე მთავარმა საერთო ელჩი გაგზავნეს მოსკოვში და დახმარება სთხოვეს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამჯერადაც ასეთივე თხოვნით მიმართეს 1618 წელს რუსთხელმწიფეს, ასევე გაგზავნეს ელჩები პოლონეთში და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ დახმარება ვერსაიდან მიიღეს. თეიმურაზი ოსმალეთის ხონთქარს ეახლა და დახმარება მასაც სთხოვა. ამ დროს ოსმალეთს თვითონ უჭირდა და ხონთქარმა თეიმურაზი მცირე იმედით გამოისტუმრა და მას საცხოვრებლად გონიოს ციხე მიუჩინა (ჭოროხის შესართავთან). 1618 წელს ოსმალები ირანში შეიჭრნენ. თეიმურაზი ოსმალთა ჯარის მეწინავეში იბრძოდა. ოსმალთა ლაშქრის უნიჭო სარდლობამ უპირატესობა ვერ გამოიყენა და ომი ვერ მოიგო.

ამ დროს ირანში კიდევ გამოირჩა ერთი მაჰმადიანი ქართველი – ხოსრო მირზა, ქართლის მმართველის ბაგრატ-ხანის ნახევარძმა. ხოსრო მირზა სპარსეთში გაიზარდა და ბოლოს, გიორგი სააკაძის წყალობით, ეს ნიჭიერი და მამაცი ჭაბუკი დაწინაურდა კიდეც შაჰის კარზე. 1619 წელს ბაგრატ-ხანი გარდაიცვალა და შაჰ აბასმა მის ადგილზე მისი შვილი, ირანში დაბადებული და გაზრდილი სვიმონ-ხანი გამოგზავნა.

1620 წელს შაჰ აბასმა მძევლად აყვანილი კახელი ბატონიშვილები მოინელა, თეიმურაზ მეფის შვილები – ალექსნადრე და ლევანი. ორივე დაასაჭურისებინა ბოროტმა შაჰმა. ალექსანდრე მაშინვე მოკვდა. ლევანი ჭკუაზე შეცდა. ქეთევან დედოფალი კი ჯერ კიდევ ელოდა ბედის განაჩენს…

შაჰის სამსახურში მყოფი ქართველი თავად-აზნაურები და მოსკოვის მეფე ხშირად შუამდგომლობდნენ გულაბყალას ციხეში გამოკეტილ ლუარსაბ II-ს და ირანის შაჰს ქრისტიანი მეფის შეწყალებას სთხოვდნენ. შაჰს ასეთი შუამდგომლობა არ მოსწონდა, თან ლუარსაბიც გამაჰმადიანების სურვილს არ იჩენდა, ამიტომაც 1622 წელს, დატყვევებიდან მერვე წელიწადს, შაჰმა მეფე ლუარსაბი მშვილდის საბელით საპატიმროშივე დაახრჩობინა ჯალათებს. გამეფდა 14 წლისა, იმეფა 10 წელიწადი, წამებულის სიკვდილით აღესრულა შობიდან 24 წლისა. გადაეგო უშვილძიროდ. მისი ერთადერთი ხელმწიფური უნარი სამშობლოსათვის პირადი სიცოცხლის გაწირვა იყო და კიდეც პირნათლად აღასრულა თავისი ვალი მშობლიური ხალხისა და ქვეყნის გადასარჩენად. ქართულ მიწაში განსვენება არ ღირსებია ქართული მიწისთვის თავგანწირულ ჭაბუკ ხელმწიფეს.

მომდევნო 1623 წელს ყარდაჰარის ასაღებად გაეშურა შაჰ აბასი. გიორგი სააკაძე გაიძღოლა აჯანყებულ ქალაქზე საიერიშოდ. სააკაძემ და მისმა ქართულმა გუნდა აიღეს ყარდაჰარის კარიბჭენი, შეიჭრნენ და შეიყოლიეს სპარსელები. იმავე წელს ბაღდადს მიადგნენ სპარსელები და ქართველები. ისევ გიორგი სააკაძე, მისი ძმა ქაიხოსრო და სხვა ქართველები იყვნენ მეწინავენი. ბაღდადიც აიღეს, მთელი ერაყი და ქურთისტანი დაუმორჩილეს ქართველებმა შაჰ აბასის ტახტს. ახალი ფურცლები ჩააკერეს ქართველებმა ირანის ისტორიაში.

1624 წელს შაჰმა ისევ მიიღო საიდუმლო დასმენა განჯის ხანისაგან: “კახელები ისევ ძლიერდებიან და მრავლდებიან. დღე-დღეზე ისევ აჯანყება არის მოსალოდნელიო”. შაჰ აბასმა თეიმურაზ მეფის დედა ქეთევან დედოფალი მოიკითხა. ქეთევან დედოფალი შირაზში იყო. ათი წელიწადი არ ენახა საქართველო. შირაზი იმამ-ყული-ხან უნდილაძის სამფოლბელო იყო. ქეთევან დედოფალი ტყვე კი არა, დიდად საპატიო სტუმარი არის ჩვენიო – ამბობდა უნდილაძე – და თუ მაინცდამაინც ტყვეობაზე დადგება საქმე, ჩვენ თვითონ ვართ ამ საოცარი ქალის ტყვეებიო.

ერთ დღეს შაჰ აბასის ბრძანება მიიღო იმამ-ყული-ხან უნდილაძემ: დაუყონებლივ ჩემი სახელით უბრძანე ქეთევან დედოფალს, ქრისტიანობა განაგდოს და მაჰმადიანობა მიიღოს, ხოლო უკეთუ ჩემი ბრძანება არ აღასრულოს, მაშინვე სასტიკი წამებით მოკალიო. ზარი დაეცა შირაზის ხანს. იცოდა, ქეთევანი სიკვდილს არჩევდა და არ გათათრდებოდა, ხოლო მისი წამებით მოკვლა თვითონ, ქართველს, არასგზით არ ესურვებოდა…. და პასუხი აკადრა შაჰს უნდილაძემ: ნუ იკადრებ და ნუ აღმართავ ხელს უმწეო ქალის სიცოცხლეზეო. აზვავდა შაჰ აბასი, ხელახლა აფრინა ბრძანება უნდილაძესთან: შენ რასაც გიბრძანებ, ის აღასრულე დაუყოვნებლივო.

სხვა გზა აღარ იყო და ეახლა უნდილაძე ქეთევანს. ეახლა და სთხოვა: ნუ შეეცდები წინ აღუდგე მძვინვარე შაჰის ბრძანებასო, მიიღე მაჰმადიანობა, ამით არაფერი დაშავდება, გარეგნულად აღიარე მხოლოდ, ხოლო გულით ისევ ქრისტიანი იქნებიო. ქეთევანმა კი მოკლედ, მშვიდად და სიტყვაშეუქცევლად თქვა თავისი პასუხი: “ჩემო კეთილო ძმაო, მე სხეულის გადარჩენისთვის არ გავწირავ ჩემს სულს, რასაც ჰქვია ქრისტიანობა და ქართველობა. სხეული მიწაა და დღეს თუ ხვალ ისედაც მიწად უნდა იქცეს, ხოლო ქრისტეს სჯული და საქართველო, რომლებიც ჩემში დაბადებითვე ჩასახლებულა, უკვდავია, მარადიული და მისი მოკვლა არც შენს ხელმწიფეს შეუძლია და არც მის ცრუ ღვთაებას”. ასე გადაწყდა წამება დიადი ქართველი ქალისა.

ქეთევანმა ჯალათებს სთხოვა ნება მიეცათ, რომ სიკვდილის წინ ელოცა და იქვე მდგარი კათოლიკური ეკლესიისკენ ანიშნა. ყიზილბაშებმა უარი ვეღარ შებედეს დედოფალს. პატრი ამბროზიო დონ ანჟოსი და პატრი გრიგორი ორსინი წაუძღვნენ ეკლესიისკენ. შევიდა ქეთევანი და ილოცა, საქართველო დალოცა, ღვთისმშობელს შეავედრა მისი წილხვდომილი ქვეყანა და განწმენდილი და განმტკიცებული გამოვიდა სამლოცველოდან.

ცეცხლის საგებელზე იწვა დედა საქართველოსი. წითლად მოლაპლაპე ბარი დაუსვენა ჯალათმა ძუძუთა შორის. ქალი არ ტიროდა, არც კვნესოდა. ოღონდ ლოცულობდა მკრთალი ჩურჩულით: “ქრისტე”, “მარიამ”, “საქართველო”. დედოფლის შუბლს დაუმიზნა და დასცა ჯალათმა ნაცეცხლარი და ნასისხლარი ბარი და კიდევ ერთი სიტყვა მოასწრო უკვე სიკვდილის საუფლოში ჩაძირულმა: “შვილო”! და არავინ იცის, ვინ გაახსენდა სიკვდილ-სიცოცხლის განსადრეკელზე საქართველოს დედას – სვეგამწარებული თეიმურაზ მეფე, მისი შვილები, თუ თვითონ საქართველო….. ეს მოხდა 1624 წლის 13 სექტემბერს. ქეთევანის ნაწამები სხეული ამბროსიო დონ ანჟოსიმ და გრიგორი ორსინმა ღამით ისპაჰანში წაიღეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს. ორი წლის შემდეგ ნაშთის ნაწილი თეიმურაზს ჩამოუტანეს და ალავერდში დაკრძალეს, ხოლო ნაწილი ინდოეთში, ქალაქ გოაში, და-გრასას მონასტერშია დაკრძალული.

შაჰ აბასს გურჯისტანის საკითხი უკვე საბოლოოდ გადაეწყვიტა: კახელობა ხელიერთპირად გაიჟლიტოს, ხოლო ქართლი კახეთის მსგავსად დედაბუდიანად აიყაროს და სპარსეთში გადასახლდეს. ყოველივე ამის აღსასრულებლად შაჰი ამზადებს ახალ დიდ მხედრობას, რომელსაც საქართველოსკენ გაუძღვება სპარსეთის უსაჩინოესი სარდალი ყორჩიხა-ხანი, ხოლო მის მთავარ მრჩევლად ინიშნება გიორგი სააკაძე. არ ენდობოდა შაჰი “ერთგულ” მოურავს და ამიტომაც დაიტოვა მძევლად მისი უსაყვარლესი ვაჟი პაატა. აი აქ იკვრება მთავარი კვანძიც:

მოდიოდა საქართველოსკენ გიორგი სააკაძე და გულს უპობდა უმძიმესი საგოდებელი: შვილი თუ სამშობლო?! აღასრულებს შაჰის ბრძანებას და ვაი შენ – საქართველო! ამოწყვეტს შაჰის ლაშქარს და – ვაიმე, შვილო!… ერთი წამით წარმოიდგინონ თავი მის ადგილას მათ, ვინც სააკაძეს მოღალატედ მიიჩნევს, სულ ერთი წამით… და თუ მამაშვილობის ნატამალი განცდა მაინც გააჩნიათ, გაისიგრძეგანონ, რა თონე ენთო საქართველოსკენ მომავალი გიორგი სააკაძის გულში. იოლია, საუკუნეთა გადასახედიდან სავარძელში რბილად მოკალათებულმა ღალატი დააბრალო კაცს, რომელმაც სამშობლოს შესწირა საკუთარ სიცოცხლეზე გაცილებით ღირებული – ღვიძლი შვილი!… გადაწყდა! ამოწყვეტა ყიზილბაშთა და ხსნა საქართველოსი!

1625 წელს სპარსული ურდო ქართლში შემოვიდა და მუხრანის ახლოს, აღაიანის ველზე დაბანაკდა. მალე სპარსელებმა ადგილი მოინაცვლეს და მარტყოფის ველზე დაიბანაკეს. ისინი აქედან უნდა შესდგომოდნენ ქართველთა გადასახლებას ირანში, მაგრამ სპარსელთაგან არავინ იცოდა, რომ საქართველოში მოსვლისთანავე გიორგი სააკაძე ქართველთა აჯანყებას ამზადებდა მათ ამოსაწყვეტად. იგი შეუთანხმდა ზურაბ არაგვის ერისთავს, საქართველოს კათალიკოსს და ქართველ თავადებს. ყორჩიხა ხანთან შეთანხმებით სააკაძემ თავადები თავისთან იხმო, თითქოს მათთვის შაჰის სურვილი უნდა ეუწყებინა, სინამდვილეში კი შაჰის საიდუმლო ზრახვები გააცნო და მათ აჯანყებისკენ მოუწოდა, ამასთანავე საკუთარი სამოქმედო გეგმაც გააცნო. მან შემთხვევით, ლოჭინის ხევში ნადირობისას, სპარსეთიდან მომავალი შიკრიკი ჩაიგდო ხელში. შიკრიკს შაჰის წერილი აღმოაჩნდა ყორჩიხა-ხანისადმი საიდუმლოდ მინაწერი. წერილში ეწერა: “გიბრძანებ, კახელნი ამოსწყვიტო, ქართლელნი დედაწულიანად აჰყარო და სპარსეთს წამოასხა, ხოლო გიორგი სააკაძე დაუყოვნებლივ მოჰკალ, თავი მოჰკვეთე და გამომიგზავნეო!”

სააკაძე სწრაფად ამოქმედდა. აჯანყების დღე დაინიშნა, 1625 წლის 25 მარტი, ხარების დღესასწაული. ხარება დღეს სააკაძემ ჭეშმარიტი ხარება გაუთენა თავის სამშობლოს. რიჟრაჟზე ქართველთა ლაშქარი, ზურაბ არაგვის ერისთავის სარდლობით ანაზდად შემოესია სპარსელთა მძინარე ბანაკს. ქართველთა ხუთეულიც (გიორგი სააკაძე, ავთანდილ სააკაძე, პაატა ხერხეულიძე, ელია დიასამიძე და პაპუნა ვაშაყაშვილი) მაშინვე დაერია სპარსელთა მთავარსარდლობას. გიორგიმ შუბით განგმირა ყორჩიხა-ხანი. ავთანდილ სააკაძემ ყორჩიხას ვაჟი ასჩეხა. უმეთაუროდ დარჩენილი სპარსული მხედრობა საშინელმა პანიკამ მოიცვა. 30 000 სპარსელისგან მხოლოდ მეათედმა 3000-მა გაასწრო სიკვდილს. “და ყოველივე ეს იყო წყალობა გიორგი სააკაძის მკლავისა და გონებისა” – წერს ლევან სანიკიძე.

მარტყოფის ძლევამოსილების შემდეგ გიორგი სააკაძე მაშინვე თბილისს მიუხდა, სვიმონ-ხანმა ძლივს გაასწრო ქალაქიდან. თბილისიდან გიორგი და ზურაბ ერისთავი კახეთს გაფრინდნენ. რამდენიმე დღეში კახეთი განწმენდილ იქნა დამპყრობელთაგან – ძლივს გაასწრო ფეიქარ-ხანმა კახეთიდან. აქედან ქართველებმა განჯა-ყარაბაღს გაილაშქრეს, იქაური ყიზილბაშები გაანადგურეს და გარეკეს. სააკაძემ ხუდაფირინის ხიდამდე, მდინარე არაქსზე სდია შაჰ აბასის მეომრებს. შემდეგ ისევ თბილისში მობრუნდა გიორგი. აქედან სამცხეში გაგზავნა ლაშქარი და ახალციხე ხელიდან გამოგლიჯა ყიზილბაშებს. მთელი აღმოსავლეთი საქართველო, ქართლი და კახეთი მის ხელში იყო და მას ემორჩილებოდა. ახლა ქვეყანას ერთიანი საჭეთმპყრობელი სჭირდებოდა. მან მაშინვე მოუხმო ქართლ-კახეთის ერთიან ტახტზე გონიოში გახიზნულ თეიმურაზ მეფეს. იგი რუსეთში წასასვლელად ემზადებოდა, როცა სააკაძის ელჩებმა ცითმოვლენილი ამბავი და შეთავაზება მოართვეს სააკაძისგან – “მობრძანდით და გაერთიანებული ქართლ-კახეთი ჩაიბარეთო!” და ვისი წყალობით გაერთიანდა ქართლ-კახეთი? ვისი ძალისხმევით გადაურჩა შაჰის მაოხარ გეგმებს საქართველო? სააკაძის და მხოლოდ სააკაძის!!!

თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე მცხეთაში შეეგებნენ ერთმანეთს, ორი გმირი, ორნივ სამშობლო საქართველოსთვის უმძიმეს ბრძოლებში გაწამებულნი და გათეთრებულები. თეიმურაზი სვეტიცხოველში ეკურთხა ქართლისა და კახეთის მეფედ. აღმოსავლეთ საქართველო გაერთიანდა.

ცოფით ატანილმა შაჰ აბასმა გიორგი სააკაძის ვაჟს, მძევლად ჩატოვებუილ პაატას, თავი გააგდებინა. შვილის თავი საქართველოში ჩამოუტანეს გიორგის. შაჰის ბრძანებით ტანი ხევში გადაეგდოთ. წმინდანი ჭაბუკის თავი ერთაწმინდის ეკლესიაში დაკრძალეს.

ისევ დგას 1625 წელი, მოჰქრის ურდო და მოაქვს მსოფლიო რისხვა შაჰ აბასის: ან ახლა უნდა მოისპოს საქართველო, ან ვერასოდეს! ურდოს მოუძღვის ისა-ხან ყორჩიბაში, სიძე შაჰ აბასისა, რომელსაც თანაშემწე სარდლად ისპაჰანის ტარუღა ქართველი ბატონიშვილი ხოსრო-მირზა დავითის ძე მოჰყვება. მასთან არიან შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ ხან ჩერქეზი, ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე ხანი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე ხანი. ივნისის ბოლოს მოვიდნენ და დაიბანაკეს ალგეთზე, სოფელ მარაბდასთან. 50 000-მდე მეომარს მოითვლიდა ყიზილბაშთა ბანაკი, ხოლო ქართველები სულ 20 000 იყვნენ.

ისხდნენ თათბირად თეიმურაზ მეფე, გიორგი სააკაძე, ზურაბ ერისთავი, მისი ძმა დავით ერისთავი, ქვემო ქართლის სპასპეტი ბარათა ბარათაშვილი, იასე ქსნის ერისთავი (გიორგი სააკაძის სიძე), თეიმურაზ მუხრანბატონი (ესეც სააკაძის სიძე), მისი ძმა ქაიხოსრო მუხრანბატონი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, დავით ჯანდიერი, მანუჩარ III ათაბაგი და ეპისკოპოსები: ალავერდელი, მროველი, რუსთველი და ხარჭაშნელი.

ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მთებში იდგნენ. ისინი უნდა დარჩენილიყვნენ და აქვე დალოდებოდნენ მტრის შემოტევას – ეს მოსაზრება წარმოადგინა გიორგი სააკაძემ, ბაადურ ციციშვილმაც მაშინვე აუბა მხარი გიორგის და თქვა: “თუ ამოწყდეს გლეხიკაცი, საქართველოც დაძაბუნდესო”, მაგრამ სააკაძე და ციციშვილი მარტო აღმოჩნდნენ თავიანთი საღი აზრებით. ყველა დანარჩენმა სარდალმა შეტევაზე გადასვლა მოითხოვა. მთავარსარდლობის საკითხი როცა დადგა ისევ გამოიჩინეს თავისი შხამიანი კბილები სააკაძის სახელოვნებით შურნაკრავმა თავადებმა – ბრძოლას თეიმურაზ მეფემ უსარდლოსო. ეს იყო პირველი შეცდომა. მამაცი ვაჟკაცი იყო თეიმურაზი, მაგრამ შაჰის საბრძოლო გეგმებს, მისი ჯარის ავკარგიანობას სააკაძეზე მეტად ვინ იცნობდა? არ გაიზიარეს მოურავის გეგმა – ამ სიცხეში გაშლილ ველზე ნუ ჩავალთ ირანის ჯართან, ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეითი გლეხობა და ამოგვიწყდებაო, (ყიზილბაშები სიცხეს უფრო მიჩვეულნი იყვნენ, ვიდრე უფრო ჩრდილოელი ქართველები). გადაწყდა: მთიდან დაშვება და გაშლილ ველზე ბრძოლის გამართვა. ესეც მეორე შეცდომა. ყიზილბაშებს თეიმურაზ მეფისა დიახაც ეფიქრებოდათ, მაგრამ გიორგი სააკაძის პირდაპირ ცხოველური შიში და ძრწოლა ჰქონდათ. თეიმურაზმა წინასწარ მზვერავი რაზმი გაგზავნა დავით ჯანდიერისა და აღათანგ ხერხეულიძის სარდლობით. ორივეს ყიზილბაშებთან ბრძოლაში თითო თვალი დაჰკარგვოდათ და ამის გამო ჯარში ზოგს ეცინებოდა კიდეც – რაღა მაინცდამაინც უთვალო სარდლები დანიშნა მეფემ მტრის სათვალთვალოდო.

გათენებულიყო 1625 წლის 1 ივლისი, დღე მარაბდის ბრძოლისა. რუისის ეპისკოპოსმა – მროველმა დომენტი ავალიშვილმა აზიარა და დალოცა ქართველთა ჯარი. დუღდა მარაბდის ველი. მისდევდნენ ქართველები მტერს ჩეხვით და კაფვით. ყველა ლომ-გმირი შექმნილიყო – მეფეც, თავადიც, აზნაურიც, გლეხიც, ეპისკოპოსიც, მღვდელიც და ბერიც. ზედიზედ ენარცხებოდნენ სისხლიან მიწას ლომის გერბიანი დროშები. მაინც ამაყად ფრიალებდა ხერხეულიძის ხელით აღმართული ქართული დროშა – გორგასლიან-დავითიან-თამარიანი.

ყველასგან განსხვავებული იყო შემმართებლობა დიდი მოურავისა. როცა გაჭირდა სააკაძემ მუზარადი მოისროლა და თავშიშველი შევარდა მტრის რიგებში. შიშით თავზარდაცემულნი გარბოდნენ ირანელები მის დანახვაზე. მუზარადმოხდილი კაცი, ისიც ნახევარი ირანის ქონებად შეფასებული სააკაძე მშვენიერი სამიზნე იყო მტრისთვის, მაგრამ მაინც გაწირა თავი და წავიდა თითქმის უეჭველ სიკვდილზე. ჰქვია ამ საქციელის ჩამდენ კაცს მოღალატე?… ყიზილბაშთა სქელ რაზმებს არჩევდა, შეუტევდა და მუხლჩაკეცილი ეშვებოდნენ სპარსელნი. თოფი ესროლა სპარსმა მხედარმა. ცხენი ყალყზე შეაგდო გიორგიმ. ტყვია ცხენს მოხვდა და სანამ ძირს დაეცემოდა, საკუთარი ცხენი მოართვა ლომი ჩრდილელმა. ელვასავით მოევლო სააკაძე, ცხენის მკვლელს წამოეწია, ხმლით ჩამოაგდო და მოკლულის ცხენი ლომი ჩრდილელს მიუმაგივრა.

დიდი სიმამაცით იბრძოდა მეორე გმირი – ზურაბ არაგვის ერისთავი. დაჭრილი იყო ზურაბი, მაგრამ მაინც არავის შეუსმინა და არ გავიდა ბრძოლის ველიდან. ყიზილბაშებს თოფიანი ათასეულების სარდლად (12 000 მეთოფე იყო) ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე ხანი ედგათ, სიმამაცისთვის “სარუ ასლანად” (ყვითელ ჯიქად) წოდებული. მანუჩარ ათაბაგის დანაჭდევ ჭრილობას გადაჰყვა ამ ბრძოლის მერე ამირგუნე ხანი (იგი მანუჩარის გაზრდილი იყო).

ყიზილბაშთა მარჯვენა ფლანგი მოეხსნა ბრძოლას, ხოსრო-მირზას ფლანგი. ვერ ისახელა თავი ისპაჰანის ტარუღამ, შაჰ აბასის რჩეულმა გურჯმა. მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა ქართველებს წინ ორდუბაზარი დაუგდო (ორდუბაზარი ყიზილბაშთა ქონების, საქონლისა და სიმდიდრის სათავსო სადგომი იყო). ქართველები ერთბაშად დაეძგერნენ მტრისგან  დაგდებულ ყველაზე ქონიან ნაჭერს. საკუთარი ხმლები შორს მოისროლეს – ხმლები, რომლებმაც აქამდე ძლევით მოიყვანეს თავიანთი პატრონები. მტრისგან დაუნჯებულ სიმდიდრეს დაერივნენ და თვითონაც აირივნენ. ეს აღარ იყო ქართული ჯარი და აღარც ჯარი საერთოდ.

ერთბაშად სისხლით ნაწყულებ მარაბდის ველზე მესამე ძალა შემოიჭრა გამძვინვარებით. აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე ხანი მოჰქროდა ადარბადაგანის დიდი მხედრობით. წამოიშალნენ ქართველები, მაგრამ გვიანღა იყო თავის აღებაც და ხელის გამოღებაც. ძნელი ყოფილა ხელიდან გაგდებული, ნამსახური ხმლის მონახვა და კვლავ ხელში მორგება.

ორი ცვალთვალა გმირი დაეცა შორიდან ანაძგერალი გმურებით გულგანგმირული – დავით ჯანდიერი და აღათანგ ხერხეულიძე. მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. თეიმურაზი მოკლეს!!! მეხივით დაირბინა საბედისწერო ძახილმა. ჯარს მოკლული ეგონა მეფე, ამიტომ ქართული ცხენოსანი ლაშქარი შებრუნდა და გაიქცა. ისევ არ ჩანდნენ ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი ადრე გაქცეულ სპარსელებზე მადევარი ჯარით. არადა როგორ ეჭირვებოდა მათი მოსვლა ქართველობას. ტყვიით განგმირულები დაეცნენ ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნელი.

ქართული დროშაც შექანდა ანაზდაითად. ეს მედროშე ხერხეულიძე დაცემულიყო მკვდარი. მისმა ძმამ აიტაცა დროშა. ისიც დაეცა განგმირული. მესამე ძმამ მიუსწრო და ისევ აღმართა დროშა საქართველოსი…

იბრძოდა თავშიშველი და სისხლში მოსვრილი გიორგი სააკაძე. “იმდღინდელი მოურავის ნაქნარი ომი და საქმეები, პირველთ გმირთაგანცა არა თქმულ არს, რაც იმ დღეს მოურავმან სახელი და ომი ქმნა”. იგი იყო ყველგან სადაც მისი საარაკო ვაჟკაცობა საგანგებოდ ეჭირვებოდათ მისიანებს. დაეცა ბაადურ ციციშვილი, რომელმან თქვა სიტყვა უკვდავი და მარად სახსოვარი: “თუ ამოწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდებაო”. და მართლაც წყდებოდა “გლეხიკაცი” მარაბდის ველზე (ომში ისინი ქვეითად იყვნენ და სწრაფად ვერ გავიდნენ ბრძოლის ველიდან). კიდევ ზედიზედ დაცემულიყო სამი ხერხეულიძე, შორიდან ტყვიით დაცხრილულნი. კიდევ სამი ძმა დარჩენილიყო ხერხეულიძის ნაშიერი, ამიტომ ისევ ფრიალებდა ქართული დროშა.

სულ მარტო დარჩა “წვრილი ერი”. მაინც იბრძოდა გლეხკაცობა, მარადიული სიმტკიცე და სინდისი საქართველოსი. და უკანასკნელი ხერხეულიძის დალეწილ მკერდზე დაცემულიყო ნაშთი-ნაფლეთი ერთ დროს მძლავრად მქროლავი “გორგასლიან-დავითიან-თამარიანი” დროშისა. 24 000 მკვდარი ესვენა მარაბდის ველზე, 14 000 ირანელი (ზოგი ცნობით 12 000 და ზოგი ცნობით 15 000) და 10 000 ქართველი (ზოგი ცნობით 9000). მზის თვალმა საგულდაგუოდ მოითვალისა: ცხრა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი…

გლოვისფერი კაბით მოსილი ქალი მიადგა უკანასკნელ მამულიშვილთა გვამების გროვას და ისევ აღმართა ცხრა ქართველი მამაულიშვილის დედამ შვილის მკერდზე დაფენილი ქართული დროშა.

“თავადთა პოლიტიკური სიბეცე-შეზღუდულობა, ფეოდალური ლაშქრის უდისციპლინობა და შეიარაღებაში ჩამორჩენილობა იყო მარაბდის ველზე ქართველთა დამარცხების უმთავრესი მიზეზები”. მაგრამ ქართველებმა მარაბდის ველზე წაგება მაინც არ ჩათვალეს წაგებად და პარტიზანულ ომზე გადავიდნენ. ისევ გიორგი სააკაძე მოთავეობდა სამამულო ბრძოლებს. 700 ყიზილბაში სათარეშოდ შეესია ახლომახლო სოფლებს. ლისი აიკლეს საგანგებოდ, სააკაძის საუფლო სოფელი. 60 მეომრით მოიჭრა გიორგი სააკაძე, მოიჭრა და შვიდასივე ყიზილბაშის თავი ისე დააგორა, არც ერთ საკუთარს განაკაწრიც არ მიუღია.

ისა-ხან ყორჩიბაშმა არაგვის ხეობისკენ სალაშქროდ 12 000 ყიზილბაში გამოუშვა. გიორგი სააკაძემ წიწამურისა და ღართისკარის ხევები ჩახერგა, თავისი პარტიზანები ჩააყენა და არაგვისკენ წამოსულ სპარსულ მხედრობას წინ გადაუდგა. საშინელი ხოცვა-ჟლეტისაგან ქსანი სავსებით “იქნა ვით რცა სისხლი”. სააკაძემ ხუთი კონა ისარი შემოიხარჯა და მერე ხმლით დაერია სპარსელებს. ქსანზე გამარჯვებით მარაბდის სისხლი გადაჭარბებით ამოიგეს ქართველებმა. და ყოველივე ეს სააკაძემ აგემა შაჰ აბასს. ამ ომში თეიმურაზ მერე არც გამოჩენილა…

დიდი იყო შედეგი 1625 წლისა. სრულიად სპარსეთის ლაშქარი იმჟამად 120 000 მეომარს მოითვლიდა და აქედან ნახევარი, 60 000 მეომარი საქართველოში დაკაგა შაჰ აბასმა. მისი მეისტორიე ისკანდერ მუნში სააკაძის აჯანყებას “დიდ და საშიშ ამბებს” უწოდებს. მისი აზრით, სააკაძის აჯანყებამ სხვა დაპყრობილი ხალხებიც აამოძრავა – “ყველგან შფოთი გაჩნდაო”. იმდროინდელი თურქი ისტორიკოსის იბრაჰიმ ფეჩევის აზრით, “ორმოცი წლის განმავლობაში ასეთი ზარალი შაჰს არ მოსვლია”. იგი უკვე თეიმურაზთან შერიგების გზებს ეძებდა. გამოგზავნა კიდევაც ქართლ-კახეთის მეფესთან სალაპარაკოდ დაუდ-ხან უნდილაძე, მაგრამ ქართველი მეფე და გათათრებული ქართველი ბეგლარბეგი ფიც-ვერცხლით დაძმობილდნენ და თვითონ შაჰის წინააღმდეგ შეითქვნენ.

1625 წლის გაზაფხულზე თეიმურაზი და სააკაძე ისევ დაბრუნდნენ და ქვეყანას ჩაუდგნენ სათავეში. მანამდე კი სამეფოს დასუსტებით ისარგებლა დვალეთმა და აჯანყდა. გიორგი სააკაძემ ხმლით გასტეხა აჯანყებულები და დვალეთი სამეფოს დაუმორჩილა. ასევე ლორეს მელიქი მოურავის წინააღმდეგ მოუწოდებდა ხალხს და სააკაძის წყალობით მელიქიც გადაიხვეწა ლორედან. მტერს მიმხრობოდა ბირთვისის ციხის პატრონი ქაიხოსრო ბარათაშვილი, რომელიც 500 ყიზილბაში მეთოფით იყო ციხეში გამაგრებული. სააკაძემ ყველა მათ თავები დააყრევინა და ციხეში თავისი ხალხი შეიყვანა. სიმონ-ხანი თბილისიდან ვეღარ გამოდიოდა, არც განჯის ხანს ადგა კარგი დღე გიორგის წყალობით (1626 წელს გაილაშქრა მოურავმა განჯაზე, აიღო და დაარბია). ამ დროს სააკაძე ქართლის ფაქტიური მმართველია, ოსმალეთის სულთანი მას “ქართლის მპყრობელ მოურავ-ხანს” უწოდებდა და ელჩებსაც მას უგზავნიდა. თეიმურაზი კი მხოლოდ კახეთის მმართველად მიაჩნდა. სააკაძის ასეთი განდიდება არ მოსწონდა პატივმოყვარე თეიმურაზს და მას ორგულობას სწამებდა. ამ საქმეში შაჰ აბასის ხელიც ერია. იგი თბილისის ციხისთავის გასპარსებული დაუდ-ხან უნდილაძის საშუალებით თეიმურაზს დაუკავშირდა და სააკაძის წინააღმდეგ აქეზებდა, თან კახეთის აშენებას პირდებოდა, თუ ოსმალეთთან კავშირს შეწყვეტდა. ასეთ მძიმე ვითარებაში სააკაძის მოქიშპე ფეოდალებმა ისრგებლეს და ადვილად მოახერხეს მეფის და მოურავის გადაკიდება. ამის შემდეგ გიორგიმ წინ წამოსწია ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრე – ქაიხოსრო მუხრანბატონი, თეიმურაზმა კი ქართლი დატოვა და კახეთში გადავიდა. მათ შორის ომი უკვე გარდაუვალი იყო. ისევ თავადობა იდგა გამთიშველ ძალად მათ შორის. ისევ რატომ? ისევ რისთვის? იგივე კითხვები, იგივე შეცდომები, იგივე ბედისწერა…

უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს მეფე და მოურავი და შერიგდნენ კი არა, უფრო დაემტერნენ ერთმანეთს. უკანასკნელად ეს უთხრა გიორგიმ თეიმურაზს: “ღმერთმა იცის, შენ, კახეთის მეფეს, ქართლი მოგეცი, ჩემი თავიც მოგიძღვენი და თავს შემოგავლე, მაგრამ რა ვქნა, რომ არც განდომეს და არც ინდომე ჩემი სიცოცხლე. რა გაეწყობა, ეგზომი უმადურობისათვის მე გულში დანას არ დავიცემ”.

გათავდა. ძმათაშორისი ომის შმორიანი სუნი ჩამოწვა საქართველოს ცისგვამში… მთავარი ახლა ის იყო, ვის მხარეს დაიჭერდა თავადთაგან ყველაზე ძლიერი ზურაბ არაგვის ერისთავი.

უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს პირველი და მეორე გმირი – გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. ყველაფერი ერთად გაახსენა გიორგიმ ზურაბს. მეფეს ვერ ვუღალატებო – ცივად უპასუხა ზურაბმა. მუხრანს გპირდება და იმიტომო – მიახალა გიორგიმ. შენ კი მუხრანის ბატონი წამომასკუპე თავზეო – შეაგება ზურაბმა. “კარგად დაიმახსოვრე, ზურაბ ერისთავო! მე რომ მომკლავენ, მაშინვე ჩემი მკვლელები შენ გწვდებიან ყელში და მუხრანსაც ოხრად დაგირჩენენ, დუშეთსაც და სიცოცხლესაც!” – თქვა და გაშორდა გიორგი არაგვის ერისთავს.

მაშინვე ელჩი აფრინა იმერეთს გიორგი სააკაძემ და მეფე გიორგი III-ს შეუთვალა: შენი შვილი ალექსანდრე ქართლის საბატონოდ გაამზადე და სასწრაფოდ ჯარიც მომაშველე თეიმურაზთან საომრადო. თუ სააკაძე გაიმარჯვებდა, მაშინ ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. გაერთიანებული სამი სამეფო სამთავროებსაც ადვილად შეირთებდა და საქართველო აღდგებოდა. “მაგრამ სააკაძისა და მისი სახით ქართველი ხალხის ამ ოცნებას განხორციელება არ ეწერა”. მაშინვე გამოუგზავნა გიორგი ჳჳჳ-მ სააკაძეს იმერთა ლაშქარი მამუკა ბოქაულთუხუცესის, ამირბარ აბაშიძისა და ხოსია მაჭავარიანის სარდლობით. სამცხიდან კიდევ მესხთა ჯარი ჩამოუვიდა სააკაძეს – დავით გოგორიშვილის სარდლობით.

1626 წლის გვიანი შემოდგომა, ბაზალეთის ომი, სამგლოვიარო სამანი ქართული მატიანისა. გიორგი სააკაძის მიერ გაგზავნილი მეომარი გვარად ინაშვილი თეიმურაზს ეახლა და მოახსენა: “მოურავმა გიორგი სააკაძემ გთხოვათ, ნება მომეცით, პირადად გაახლოთ ჩემი თავი ბრძოლაშიო. ძალიან მინდა ჩემი სიბერიკაცე შენს სიყმაწვილესთან შერკინებაში გამოვცადოო”.

ზურაბ ერისთავი მივარდა თეიმურაზს: არ არის საკადრისი, რომ მეფე თავის ყმას შეებასო. ცალკე ედიშა ვაჩნაძემ იყვირა – მე გავალ სააკაძესთან საბრძოლველადო! – და ბოლოს ასეც მოიქცნენ, სწორედ ვაჩნაძეს გადააცვეს მეფის მსგავსად. სააკაძემ კი დავით გოგორიშვილი მოიხმო, იმას აასხა თავისი აღჭურვილობა და უთხრა: ბრძოლაში ისე გახვალ, როგორც სააკაძეო.

დაიწყო ომი. გაალმასებით ეკვეთნენ ერთურთს ერთი ცის ქვეშ შობილნი, ერთი დედის რძენაწოვარნი, ერთ ემბაზში განათლულნი და ერთი დიდედას ხელით ჭიპმობანილნი.   გამხეცებით სჩეხდნენ ერთმანეთს ერთსისხლიერნი. ძმას ძმის მოკვლა უკეთ ეხერხება, ვინაიდან ძმამან ძმისა უკეთ იცის, სად უნდა დაჰკრას, რომელ ადგილზე დანაკრავი უფრო იოლად აღმოახდენს სულს!…

ვაჩნაძემ თავზე უხეთქნა ხმალი სააკაძეს. მუზარადი გაუტეხა, მაგრამ გერში ვერ ააღებინა. ტკივილს აღარ დაუცადა გიორგიმ. ელვასავით მოიქნია ხმალი. თავგაპობილი და უსულოქმნილი დაენარცხა მიწას ედიშა ვაჩნაძე. “ნეტავ იმ ყმასა, თავის პატრონს რომ ენაცვალოს” – სინანულით ჩასძახა სააკაძემ მომაკვდავ ჭაბუკს.

ვეღარ გაიხსენა გიორგიმ როგორ გამოაღწია საომარი წრეწირიდან, მხოლოდ ტკივილი გაიაზრა, მანამდე განუცდელი ტკივილი, ქართველი კაცის ხელით დანაკრავმა რომ დაურბინა თავის თხემიდან ფერხთა ქუსლებამდე. მეხი ჰქონია მკლავში იმ ქართველ ჭაბუკს! პირველად მოხვდა ქართველის ხელით მოქნეული ხმალი. ვინ მოთვლის, რამდენი შეხვედრა ჰქონია სააკაძეს საომარ ველზე პირდაპირი ხმლის ჯვარედინით, მაგრამ არასდროს მისთვის ასე ძლიერად არავის არ შემოუკრავს, როგორც იმ ქართველმა შემოჰკრა. მაგრამ არც არასდროს თვითონ დაურტყამს ისე მძლავრად, როგორც იმ ქართველს დაარტყა… ჭეშმარიტად: არავის ისე არ ემარჯვება ქართველი კაცის დამარცხება, როგორც ქართველ კაცს!…

გამოხტა ცხენით თეიმურაზ მეფე, შემოეგება გოგორიშვილი სააკაძურად. თეიმურაზი გადაიზნიქა ზურგით უნაგირზე. წამსვე მოიჭრა საამ კობიასძე და გვერდიდან დაატაკა ლახვარი გოგორიშვილს. ეს დარტყმაც აიცდინა მესხა და გამოედევნა. “დამიდექ, მოურავო!” – უკნიდან მოესმა გოგორიშვილს. ეს ზურაბ ერისთავი იყო. შემობრუნება ვეღარ მოასწრო მესხმა. შიშველ ბარძაყზე უხეთქა ხმალი ზურაბმა. ხმლიანი ხელი წამიერად დაკოდილი ბარძაყისაკენ გაექცა გოგორიშვილს. იმ წამსვე ხელმეორედ მოიქნია ხმალი არაგვის ერისთავმა. მისმა მეომრებმაც მოუსწრეს და ხელის გამოღება აღარ აცალეს, ისე აკუწეს გოგორიშვილი. თეიმურაზი კი ამ დღეს იყო ყველაზე დიდი გმირიც და ყველაზე დიდი სარდალიც.

ბრძოლა გათავდა, ბაზალეთის ბრძოლა, გლოვის სამანი ქართველი ხალხის ისტორიისა. განადგურებული იყო სააკაძის ბანაკი. ეს იყო ერთადერთი ბრძოლა სააკაძის სარდლობით, რომელიც მისი დამარცხებით დამთავრდა. თეიმურაზ მეფემ გაიმარჯვა და მოურავი სააკაძე დამარცხდაო, გაიძახოდნენ ბაზალეთის ცოდვისშვილები – ზოგი აღტაცებით, ზოგიც სინანულით – და არავინ ამბობდა, რომ დღეს დამარცხდა საქართველო! ასე ჩაიშალა ის დიდი საქმე, რომელსაც სააკაძემ თავისი უზარმაზარი ენერგია შეალია და ურომლისოდაც საქართველოს გათავისუფლება-გაძლიერება შეუძლებელი იყო. “რა მოიშალა ვინ იცის, რა წყობა, რა გარიგება” – წერდა იოსებ ტფილელი. სააკაძის მეომრებთან ერთად ბაზალეთის მიწაში დამიწდა დიადი მამულიშვილური განაზრახი “ყოველი საქართველოს” გაერთიანებისა და აღორძინებისა და არავინ არაფერს იძახდა თეიმურაზზე. მან, საქართველოს მეფემ, იმ დღეს ხომ საქართველო დაამარცხა.

1627 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დაიდო ზავი, რითაც აღმოსავლეთ საქართველო ირანს დარჩა სამართავად, სააკაძე კი თურქეთში წავიდა. თურქეთის სულთანმა, მურად IV-მ დიდი ზარზეიმით მიიღო ქართველი გმირი და ფაშობა უწყალობა. 1628 წელს ხუსრევ-ფაშა და გიორგი სააკაძე არზრუმის აღების შემდგომ სამცხეში შემოიჭრნენ და აქაური ციხე-ქალაქებიდანაც განდევნეს სპარსული ციხიონები. სააკაძემ ორივეგან სავსებით დაჩრდილა ოსმალეთის დიდვეზირი და მხედართუფროსი, რისთვისაც ხუსრევ-ფაშა მტრად გადაეკიდა. მან და მისმა მომხრეებმა ხონთქარს ჩააგონეს, სააკაძე საქართველოში აპირებს გაპარვასო. ხუსრევ-ფაშა არ ტყუოდა: გიორგის მართლა ჰქონია გულს ამოჭრილი საქართველოში დაბრუნება. 1629 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ჰალაბში (ალეპო) ხუსრევ-ფაშას ბრძანებით, გიორგი სააკაძეს, მის შვილს ავთანდილს და კიდევ ორმოცდაათამდე ქართველს თავები დააყრევინეს (ზოგი წყაროთი 40-ს). ასე დაიღუპა ეს დიდი პიროვნება, თავისი დროის უკუღმართობის მსხვერპლი. ამავე წელს დაიღუპა შაჰ-აბასიც.

გიორგი სააკაძეზე დაუსრულებლად ისაუბრებენ მანამ, ვიდრე იარსებებს საქართველო. მე მხოლოდ რამოდენიმე დიდი ქართველის მოსაზრებას შემოგთავაზებთ დიდ მოურავზე, დანარჩენს კი ხალხი და ისტორია იტყვის ადრე თუ გვიან…

ილია ჭავჭავაძე: “გიორგი სააკაძის მოქმედება და ქცევა დღესაც აუხსნელია ჩვენთა ისტორიკოსთაგან და რომელიც იყო რა უხვად შემკული ყოვლისა სამამულო და საგმირო ღირსებითა, დღეს აქობამდე არც ავად არის დაფასებული ჩვენს მიერ და არც კარგად. მისი ავკარგიანობით აღსავსე განსაცდელიანი ცხოვრება და საოცარნი მოქმედებანი, მისნი ავად და კარგადაც აღსახსნელნი დიდნი საქმენი, ჯერ შიგნეულად გამოძიებულნი არ არიან და ელიან პირუთვნელს გამკითხველსა. ეს კი გულდაჯერებით საღიარებელია, მისი მოუსვენარი და მღელვარებითგან დაუცხრომელი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა, განსაკვირველი და გასაოცებელი”…

ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი: “არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლს აღნიშნავს მთელი ერი. გიორგი სააკაძე სწორედ ამ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება. უნდა ითქვას, რომ სათანადოდ არ არის შესწავლილი მისი ცხოვრება და მისი მოღვაწეობა, ამიტომ განსხვავებული აზრი არსებობს ზოგიერთში. მაგრამ ის არის თავდადებული პიროვნება საქართველოს ისტორიაში. პიროვნება, რომელმაც შესწირა სიცოცხლე სამშობლოს!…”

ვაჟა-ფშაველა: “თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,

კარგი შვილები რათ გებადება?!

ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,

არ გეკადრება, არ გეკადრება!” – გიორგი სააკაძეს

აკაკი წერეთელი: “გარყვნილმა და გულგადაბრუნებულმა დიდ-კაცობამ: ერისთავებმა, დიდებულებმა და თავადებმა მიიყვანეს სამეფო უფსკრულის კარამდე. ერთი ნაბიჯი კიდევ და საქრისტიანო სამეფო, ოდესმე დიდებული, ჩაინთქმებოდა სამარადისოდ… ის იყო კინაღამ ბოლო მოეღო სამეფოს! თუ არა სასწაული რამ, ანუ საკვირველება, ვერა გადაარჩენდა რა! და კიდევაც მოევლინა საკვირველება! ეს იყო დიდი მოურავი სააკაძე!”

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი: “ქართველი ერის გმირული წარსული აღსავსეა თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლის მაგალითებით, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა უკვდავი სახელებით…

დიდების შარავანდედით მოსილ გმირთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია გიორგი სააკაძეს – დიდ ქართველ მხედართმთავარს, თავისი ეპოქის გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელსაც განგებამ და ისტორიამ წილად არგუნა ყოფილიყო ქვეყნისათვის უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში წინამძღოლი საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლისა.

განუზომელია ღვაწლი დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ქვეყნისა და ერის წინაშე. ქართველი ხალხი ღირსეულ პატივს მიაგებს სახელოვან გმირს და სათუთად ინახავს მის ნათელ ხსოვნას”.

პროფესორი, მწერალი რევაზ მიშველაძე, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი: “თუ პიროვნების დიდი კაცობა სამშობლოსადმი ღვაწლით იზომება, გიორგი სააკაძეზე დიდი ვინ არის, მან სპარსეთის სპასალარობა რიგითი ქართველი მოლაშქრის როლზე გაცვალა და ყველაზე დიდი ამბოხება მოაწყო შაჰ-აბასს წინააღმდეგ და შვილიც უყოყმანოდ შესწირა სამშობლოს. გიორგი სააკაძე საქართველოს ჰგავს. საქართველოც ისეთი დაუძინარი, დაჩეხილი და სვეგამწარებულია, როგორც მისი უკვდავი შვილი – გიორგი სააკაძე”.

ისტორიკოსი – პროფესორი გივი ჯამბურია: “დიდი მოურავი გიორგი სააკაძე ოცდაათი წლის განმავლობაში გმირულად იბრძოდა ქართველი ხალხის თავისუფლებისა და საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისათვის. მისი ხელმძღვანელობით წარმოებული უმაგალითო გმირული ბრძოლების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა”.

ისტორიკოსი – პროფესორი დევი კაჭარავა: “უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა ქართლ-კახეთს შაჰ აბას I-მა 1625 წელს – ქართლის მოსახლეობა უნდა აეყარათ და ირანში გადაესახლებინათ, კახეთის მოსახლეობა კი მთლიანად უნდა გაეჟლიტათ. ამ საშინელი კატასტროფისაგან ქართველი ხალხი იხსნა გიორგი სააკაძემ”.

ვახუშტი ბაგრატიონი: “გარნა ესე მოურავი იყო მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და შემმართებელი უშიში…”

პლატონ იოსელიანი: “დაიღუპა დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, დიდი სარდალი და გმირი, რომელმაც სამეფოები და ხალხები შეარყია”.

“გიორგი სააკაძის ხელძღვანელობით წარმოებულმა სახალხო-განმათავისუფლებელმა ბრძოლებმა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა. სააკაძემ ამ საქმეს ორი შვილი და საკუთარი სიცოცხლე შესწირა. ქართველმა ხალხმა ჯეროვნად დააფასა სააკაძის ღვაწლი და მას დიდი (“დიდი მოურავი”, “დიდი სააკაძე”) უწოდა, რითაც სამუდამოდ უკვდავჰყო თავისი გამოჩენილი შვილის სახელი” – ისტორიის სახელმძღვანელო, ხელს აწერენ ისტორიკოსები: გიორგი ოთხმეზური, ნოდარ ასათიანი, მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, როინ მეტრეველი, გივი ჯამბურია და ოთარ ლორთქიფანიძე.

იტალიელი მისიონერი პიეტრო დელა ვალე: “გიორგი სააკაძეს წილად ხვდა უცხო მხარეში გადახვეწა და ქართველი ხალხის მოსისხლე მტრის დროშებქვეშ სამსახური. მას წილად ხვდა მწარე ლუკმა ლტოლვილისა… შურმა და მტრობამ განდევნა იგი სამშობლოდან. მაგრამ დიდ მოურავს ერთი წუთითაც არ განუდევნია თავისი გულიდან სამშობლოს სიყვარული. ითმენდა ყველა გასაჭირს და ცილისწამებას… არასდროს ავიწყდებოდა თავისი ვალი და უსაზღვრო რწმენა მომავალი გამარჯვებისა”.

დონ კრისტოფორო დე კასტელი: “ქართველთა ჯარის სარდალი, არაჩვეულებრივად ძლიერი და ყველაზე უფრო მტკიცე კაცი, მრავალ ომში სახელგანთქმული დიდი მოურავი გიორგი სააკაძე”.

ბაზალეთური ტრაგედიის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში სამი მთავარი დარჩა: თეიმრაზ მეფე, სვიმონ-ხანი II და ზურაბ ერისთავი. ბაგრატოვანი ხელმწიფე თეიმურაზი მარტო კახეთს არ სჯერდებოდა და ქართლსაც თავისად მიიჩნევდა. სვიმონ II ქართლის მმართველად შაჰისაგან დანიშნული სპარსეთის კაცი იყო, ამიტომ მას კახეთის შემოერთებაც არ აწყენდა. ამ ორ ტახტს შორის ზურაბ ერისთავი იდგა. მას ქართლ-კახეთზე მბრძანებლობის საკუთარი განაზრახი ჰქონდა: ორივე იყოს და ორივე მე მემორჩილებოდესო.

მაინც ძლიერი თეიმურაზი უფრო აფიქრებდა ზურაბს, ვიდრე სუსტი სვიმონი. ამას ისიც დაერთო, რომ სამუხრანბატონო მამულები, რომლებიც თეიმურაზმა ბაზალეთის ბრძოლის წინ ზურაბს აღუთქვა, ახლა თავის ძეს დათუნა ბატონიშვილს მისცა.

გამოირკვა, რომ არაგვის მბრძანებელი ქართლ-კახეთის სასწორს სვიმონისაკენ ჰხრიდა. ზურაბი თბილისის ხშირი სტუმარი გახდა. სვიმონ მეფე ზურაბს მამას ეძახდა. ზურაბი ზემო ქართლისკენ წამოუძღვა შვილობილ სვიმონსა და მის ჯარს. თეიმურაზმა ომი ვერ გაბედა და კახეთში ჩაიკეტა. ზურაბ ერისთავის წყალობით ახლა მთელი ქართლი სვიმონ-ხანს ემორჩილებოდა. მაშინ თეიმურაზმა შემოუთვალა ზურაბს: მე ახლა ირანს მივიდვარ და შაჰს ყველაფერს დაწვრილებით მოვახსენებ, რაც შენი წყალობით საქართველოში დატრიალდაო. ერისთავი დაფრთხა, მაშინვე თავისი კაცი გამოაკიდა და შეუთვალა: ნუ აჩქარდები, დაბრუნდი და შევრიგდეთო.

თეიმურაზი წელში გაიმართა და შემოუთვალა: სიძედ მყავხარ (ზურაბს ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ასული ხორეშანი) და შვილად მიმაჩნიხარ. მე შენთვის ივრის პირისა და თიანეთის მამულების მოცემა მინდოდაო. ისევ გახელდა ზურაბი. მაშინ სვიმონ მეფე წავკისში იყო დედოფალთან ერთად, როცა ზურაბის კაცი მივიდა და მოახსენა ერისთავის შემონათვალი: საამილახვროს მობრძანდი, სხვილოს ციხეში და იქ მოვითათბიროთ როგორ დავსაჯოთ მოღალატენიო. სვიმონიც მივიდა. იმ საღამოს ნადიმის შემდეგ, მძინარე მეფეს მკვლელი შეუგზავნა ზურაბმა (თავისი სიძე გიორგი ჩერქეზი) და გულში ხანჯალი დააკვრევინა, თავი მოჰკვეთა და თეიმურაზს გაუგზავნა.

ზურაბ ერისთავის შათირმა სვიმონ მეფის გასისხლიანებული თავი მიართვა თეიმურაზს და მოახსენა ზურაბის შემონათვალი: ყაენთან წასვლას თავი დაანებე, მობრუნდი და ქართლსაც დაეპატრონე შენს კახეთთან ერთადო. თეიმურაზი ასეთ სისასტიკეს არ მოელოდა და საყვარელი მეუღლის ბიძაშვილი ასე დაიტირა: “საცოდაო ხელმწიფეო, ცრემლები მახრჩობს და უდიდესი მწუხარება მეუფლება, როცა ვხედავ შენს ესოდენ უბედურებას, ვინც გიყვარდა იმან გიღალატა და ახლა აღარც ის მიხარია, შენგან დაობლებული ქართლის მფლობელი რომ შევიქნები!” – ეს ამბები 1630 წელს დატრიალდა.

იმავე წელს შაჰ სეფმა (შაჰ აბასის შვილიშვილმა) თურქთა შემოტევის უკუსაგდებად გაგზავნა ჯარი და სარდლად ხოსრო მირზა დააყენა. სვიმონი ხოსრო მირზას ძმისწული იყო და – მაგ სისხლს რომ დავბრუნდები მაშინ მოვიკითხავო – თქვა ხოსრომ. შაჰმაც დასძინა: მანამდე ისიც გაირკვევა, რას აპირებს თეიმურაზიო. ამის შემდგომ გადაწყვიტა თეიმურაზმა ზურაბ ერისთავის თავიდან მოშორება, ვინაიდან მას უკვე ხელმწიფობის ამბიცია ჰქონდა.

თეიმურაზმა ერისთავი საფურცლეში მიიწვია სანადიმოდ. ზურაბიც მივიდა გულდანდობილად. სიმამრიც ტკბილად შეეგება სიძეს. პურობა ჩათავდა და ის იყო ხილობას უნდა შესდგომოდნენ, რომ თეიმურაზმა თვალით ნიშანი მისცა ბარამ საგინაშვილს. წამსვე ულუმ თოღურიშვილმა, ფშავის მოურავმა, შიგ მარცხენა ძუძუში შეუგდო სატევარი ზურაბს და სიცოცხლეს გამოასალმა.

ღალატით აღსრულებულიყო მთელი მისი წუთისოფლის სიგრძეზე ღალატის წყურვილდაურწყულებელი კაციშვილი. აღარ იყო ზურაბ ერისთავი – ხან დიდი მამულიშვილი, ხან მამულის მაოხარი და სისხლმაქცევარი. ხან გულმხურვალე ერისკაცი და ხან რენეგატი ერისწყეული. ხან ზნემაღალი ზრდილი ვაჟკაცი, ხან უზნეო ლოთი და მრუში. გმირი მარტყოფისა და მარაბდისა, ცოდვისშვილი ბაზალეთისა.

ცნობები: გიორგი სააკაძის სიმამრი იყო ნუგზარ არაგვის ერისთავი, მას ცოლად ჰყავდა ზურაბის ქალიშვილი მარეხი, რომელთანაც გიორგის 8 შვილი შეეძინა, 5 ვაჟი და 3 ასული.

თეიმურაზის პირველი ცოლი იყო მამია გურიელის შვილი ანა, რომელთანაც ჰყავდა ორი შვილი: ლევანი და ალექსანდრე. 1610 წელს ანა გარდაიცვალა და ლუარსაბ მეფემ დარბაზის რჩევით თავისი და ხორეშანი, რომელიც დანიშნული იყო ნუგზარ ერისთავის ვაჟზე ზურაბზე, 1611 წელს თეიმურაზს  მიათხოვა. ამით ამაყი ერისთავი შეურაცხყოფილი დარჩა.

თეიმურაზის და ელენე შაჰ აბასის ცოლი იყო.

ლუარსაბს ცოლად ჰყავდა გიორგი სააკაძის და, რომლის სახელიც არ არის ცნობილი.

დოკუმენტი მომზადებულია კასპის ტერიტორიული ორგანოს მიერ.

Advertisements